სამზარეულო

ქართული სამზარეულო, კულინარიის სტილი, რომელიც საქართველოდან მომდინარეობს და ქვეყანაში საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბდა. საგრძნობი განსხვავებაა ქვეყნის რეგიონულ სამზარეულოებს შორის. აღმოსავლეთ საქართველოში ხორცის, ღვინის, პურეულისა და ცხოველური ცხიმების სიჭარბე შეინიშნება, დასავლეთ საქართველოს სამზარეულო კი ნიგვზითა და წიწაკით შეზავებული საწებლების, მხალეულის და რძის პროდუქტების კერძებით გამოირჩევა. საქართველო ღვინის სამშობლოა, აქ ვაზი თითქმის ყველგან ხარობს, ქართულ ღვინოს ქვევრში აყენებენ.


მეგრელები სამზარეულო

ტრადიციული მეგრული საკვები ცხარე და უხვი საკაზმით გამოირჩევა. ამის მიზეზი ის არის, რომ ძველად, რბილი, სუბტროპიკული ჰავიდან გამომდინარე, მალარია უდიდეს საფრთხეს წარმოადგენდა სამეგრელოსათვის და ამ რეგიონის მცხოვრებლებმა თავიდანვე აღმოაჩინეს, რომ დიდი რაოდენობით წიწაკის მოხმარება საშინელი დაავადების განვითარებას გარკვეულწილად აფერხებდა. საბოლოოდ, ცხარე სანელებლები მეგრული სამზარეულოს ტრადიციულ ატრიბუტად იქცა.
მეგრული სამზარეულო რამდენიმე ტიპის საკაზმს იყენებს, ძირითადად, საწებლების სახით. ტრადიციულ კერძებს მიეკუთვნება ღომი (მოხარშული სიმინდის ღერღილი), სულგუნი (ცხიმიანი ყველი) და შემწვარი ხორცი ცხარე საწებელთან (მაგალითად, აჯიკასთან) ერთად. ორი განსაკუთრებული კერძი - ელარჯი და საცივი დღესასწაულებისა და საპატიო სტუმრებისთვის კეთდება. ეს კერძები მთელ საქართველოში მეგრული სამზარეულოს მშვენებად ითვლება.
 ღვინოები
საქართველოში 500–ზე მეტი ვაზის ჯიში ხარობს, ხოლო 60 მათგანი სამეგრელოში იზრდება. მათგან ყველაზე ცნობილია ოჯალეშის ჯიშის ყურძენი, რომლისგანაც საუკეთესო ღვინო მზადდება; ეს არის ნახევრად ტკბილი წითელი ღვინო, რომელსაც ველური ვარდის სუსტი სურნელი და ხასხასა წითელი ფერი ახასიათებს.
XIX საუკუნის მეორე ნახევარში ოჯალეში თითქმის მთლიანად გაქრა. იმ დრომდე ყურძენი ვენახში კი არ იზრდებოდა, როგორც ევროპაში, არამედ ხის ტოტებზე, ველური ლიანების სახით; მოგვიანებით, ამ ღვინოზე მოთხოვნის ზრდამ ოჯალეშის გადაშენება გამოიწვია (მეგრულად სიტყვა „ოჯალეში“ „ხეზე გაზრდილს“ ნიშნავს). მე-19 საუკუნის შუა პერიოდში, ფრანგმა აშილ მიურატმა, სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის დის, სალომე დადიანის ქმარმა, დაიწყო ოჯალეშის კულტურის ევროპული წესით მოშენება, რაც მის მიერ ღვინის წარმოებისა და გასაღების გეგმის ნაწილს წარმოადგენდა. ამგვარად ოჯალეში მივიწყებას გადაურჩა და ეს ღვინო სამეგრელოს ცაგერისა და მარტვილის რაიონებში მზადდება. ამ ღვინის წარმოება საქართველოს სხვა კუთხეებშიც გავრცელდა.


სამზარეულო და სუფრის ტრადიციები

ქართული ტრადიციული სამზარეულო ერთ-ერთი უმდიდრესია მთელ მსოფლიოში. ეროვნული ტანსამლისაგან განსხვავებით, ქართული სამზარეულო არა მარტო შენარჩუნებული იქნა, არამედ ფართოდ გავრცელდა საქართველოს ფარგლებს გარეთაც.
წარსულში საქართველოს ცალკეული კუთხეების სამზარეულოებს შორის საგრძონი განსხვავება იყო. ამჟამად ეს განსხვავება თითქმის აღარ არის და ნებისმიერ კუთხეში ფართოდ გავრცელდა ის კერძები, რომლებიც ადრე დამახასიათებელი არ იყო.
აღმოსავლეთ საქართველოს ბარის რაიონებში ძირითადად ხორბლის პურს აცხობდნენ (შოთი, ლავაში), მთაში კი ქერის ხმიადა|ხმიადებს. დასავლეთ საქართველოში ხორბლის მაგივრობას სიმინდი ასრულებდა და ამიტომ მოსახლეობის ძირითადი საკვებიც მჭადი (იმერეთი, გურია) ან ღომი (სამეგრელო, აფხაზეთი) იყო. დასავლეთ საქართველოში ძირითადად სულგუნი და იმერული ყველია მიღებული, აღმოსავლეთ საქართველოში კი - გუდის ყველი.
დასავლეთ საქართველოში ფართოდ არის გავრცელებული მრავალფეროვანი მცენარეული საკვები, რომლებიც ნიგვზითა და სანელებლებითაა შეზავებული (სხვადასხვა ფხალეული). აღმოსავლეთ საქართველოს მოსახლეობის კვების რაციონში კი ხორცს უფრო დიდი ადგილი უკავია.
როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში ფართოდ გავრცელებულია ლობიო, ხაჭაპური, ხინკალი, თევზეული, მწნილი და სხვადასხვა საწებლები. მთავარი სასმელი საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში ღვინოა. მხოლოდ მაღალმთიან პროვინციებში, სადაც ვენახები არ არის, ღვინოს არაყი და ლუდი ცვლის.
ქართული სუფრის ტრადიციები მკაცრ წესრიგს ემორჩილება. თამადა და სადღეგრძელოები სუფრის აუცილებელი ელემენტებია საქართველოს ნებისმიერი კუთხისათვის. სადღესასწაულო სუფრა ასევე წარმოუდგენელია სიმღერის, ცეკვისა თუ ხუმრობების გარეშე. სადღეგრძელოების თანმიმდევრობა თამადაზეა დამოკიდებული, თუმცა გარკვეული ტრადიციები ჩამოყალიბებულია და განსხვავებებიც შეინიშნება სხვადასხვა პროვინციებს შორის. გურიაში მაგალითად, პირველი სადღეგრძელო მშვიდობისაა, კახეთში კი ოჯახის ჭერს დალოცავენ ხოლმე. აღმოსავლეთ საქართველოში ბოლო სადღეგრძელო საყველაწმინდოა, თუშეთსა და ფშავ-ხევსურეთში კი სუფრაზე განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ წინაპრებისა და გარდაცვლილთა მოგონების სადღეგრძელოებს.

გურია  სამზარეულო

 გურულ სამზარეულოში იმერულის მსგავსად, აქტუალურია ფრინველის ხორცის კერძები და სხვადასხვა მცენარეულობისაგან მომზადებული მხალეულობა, აგრეთვე სიმინდის ფქვილი და ტრადიციული მჭადი. მჭადისა და თევზის შესაწვავად გურულები კეცის ძირში ვაზის ან კაკლის ფოთლებს აფენენ, რაც კერძებს განსაკუთრებულ არომატს აძლევს. კერძების შესაზავებლად ფართოდ გამოიყენება ნოგოზი და მეტწილად თხილი. საყოველთაოდაა ცნობილი გურული ღვეზელი - ნახევარმთვარის ფორმის ხაჭაპური, რომელშიც წინასწარ მოხარშული და შუაზე გაჭრილი კვერცხი დევს. გურულები ამზადებენ აგრეთვე ჯანჯუხას - თხილისგულსართიან ჩურჩხელას.  

















აჭარა  სამზარეულო 


აჭარული სამზარეულო ყველაზე მრავალფეროვანია, იგი ფერთა მთელი პალიტრაა. აქ ერთმანეთშია შერწყმული მთის ხისტი და ზღვისპირეთის ნაზი არომატები. აჭარული სამზარეულო განიცდის თურქული კულინარიის კულტურულ ზეგავლენას. აჭარული ტკბილეულებია: ბაქლავა და შაქარლამა. მთიანი აჭარის სამზარეულოში რძის პროდუქტები ჭარბობს, იგი უფრო ცხიმიანი და მძიმეა. ცნობილია აჭარული ზღვისპირეთის: უცხო სუნელი, ხმელი ქინძი და წიწაკა. თუმცა ყველაზე პოპულარული აჭარული კერძები არიან: ბორანო(კარაქში ჩამდნარი ყველი), ჩირბული(კვერცხითა და ნიგვზით მომზადებული საუზმე) და სინორი(ნადუღითა და უფუარი ცომის ხმელი ფირფიტებით მომზადებული კერძი).

 

სვანეთის სამზარეულო

სვანურ სამზარეულოში მეგრულის მსგავსად ტრადიციულია სულგუნი. ტრადიციულია აგრეთვე ჭვიშტარი, რომელიც სიმინდის ფქვილისა და სულგუნის ნაზავისაგან მომზადებული კვერია და კუბდარი - პურის ცომში ჩაშუშული, წვრილად დაკეპილი ხორცი. აქ მზადდება თაშმიჯაბი რომელიც ყველით გადაზელილი კარტოფილის პიურეა. ცალკე აღნიშვნის ღირსია სვანეთის სიამაყე სვანური მარილი - სუფრის მარილით, წიწაკითა და სხვადასხვა სურნელოვანი მცენარით შეზავებული სანელებელი, რომელიც კერძებს განუმეორებელ გემოს მატებს.



 


No comments:

Post a Comment